PDF
დაბრუნდით უკან

გამოქვეყნების თარიღი: 02.11.2026

გადახდის ინიციირების მომსახურების ხელშეკრულება

წინამდებარე გადახდის ინიციირების მომსახურების ხელშეკრულება (შემდგომში „მომსახურების პირობები“) წარმოადგენს სს “პეისერა ბანკი საქართველოსა” (საიდენტიფიკაციო ნომერი 402204841) და კლიენტს შორის გაფორმებული ფიზიკური პირების და ბიზნეს კლიენტების მომსახურების გენერალური ხელშეკრულების (შემდომში „გენერალური ხელშეკრულება“) დანართს. გენერალური ხელშეკრულებების კონსოლიდირებული რედაქცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ გვერდზე: მომსახურების გენერალური ხელშეკრულება ფიზიკური პირებისათვის და მომსახურების გენერალური ხელშეკრულება ბიზნეს კლიენტებისთვის. წინამდებარე მომსახურების პირობები ძალაში შედის მომღების/მერჩანტის მიერ გადახდის ინიციირების მომსახურების, მათ შორის გადახდის ბმულის განაცხადის დადასტურებისთანავე და მოქმედებს გადახდის ინიციირების მომსახურებით სარგებლობის სრული პერიოდის განმავლობაში.

1. მომსახურების ზოგადი პირობები

1.1. წინამდებარე მომსახურების პირობები არეგულირებს ბანკსა და მიმღებს/მერჩანტს შორის გადახდის ინიციირების მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ ურთიერთობას. გადახდის ინიციირების მომსახურება საშუალებას აძლევს მიმღებს/მერჩანტს, მისი მოთხოვნის საფუძველზე სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული საგადახდო ანგარიშიდან მიიღოს საგადახდო დავალების ინიციირების მომსახურება.

1.2. წინამდებარე მომსახურებით სარგებლობისათვის მიმღები/მერჩანტი ვალდებულია ბანკის ინტერნეტბანკში შეავსოს გადახდის ინიციირების მომსახურების (ონლაინ გადახდის დამუშავება ელექტრონული ბანკინგისა და სხვა სისტემების საშუალებით) პროექტის განაცხადი, რომლის დადასტურება ხორციელდება ბანკის მხრიდან.

1.3. ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს გადახდის ინიციირების მომსახურების გაწევაზე.

2. გადახდის ინიციირების მომსახურების პროექტის განაცხადი

2.1. ინტერნეტ ბანკში ავტორიზაციის განხორციელების შემდგომ, პროდუქტების მართვის გვერდზე არსებული ხელმისაწვდომი პროდუქტების ჩამონათვალიდან მიმღებმა/მერჩანტმა უნდა აირჩიოს და გაააქტიუროს გადახდის ინიციირების მომსახურება (ონლაინ გადახდის დამუშავება ელექტრონული ბანკინგისა და სხვა სისტემების საშუალებით).

2.2. გადახდის ინიციირების მომსახურების გააქტიურების შემდგომ მიმღებს/მერჩანტს შეეძლება პროექტის მართვის/მომსახურების გააქტიურება, რისთვისაც უნდა შეავსოს გადახდის ინიციირების პროექტის განაცხადის სავალდებულოდ შესავსები ველები.

2.3. მიმღები/მერჩანტი უფლებამოსილია ისარგებლოს ბანკში ხელმისაწვდომი გადახდის მიღების საშუალებებით მხოლოდ იმ ელექტრონული მაღაზიისთვის და მხოლოდ იმ ვებ-მისამართებიდან (URL), რომლებიც მითითებულია ბანკის მიერ დადასტურებულ გადახდის ინიციირების პროექტის განაცხადში.

2.4. მიმღები/მერჩანტი ვალდებულია გადახდის ინიციირების მომსახურების პროექტის განაცხადში მიუთითოს მხოლოდ სწორი, უტყუარი და სრული ინფორმაცია. მიმღები/მერჩანტი პასუხისმგებელია მის მიერ მითითებულ მცდარ, არაზუსტ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციასა და მისგან გამომდინარე ნებისმიერ შედეგზე.

2.5. გადახდის ინიციირების მომსახურების პროექტის განაცხადში მერჩანტის მიერ მითითებული ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მიმღები/მერჩანტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს და ასახოს ცვლილება ინტერნეტ ბანკის მეშვოებით. პროექტში ცვლილებების შეტანა ხდება პირვანდელი პროექტის წარდგენისა და დადასტურებისათვის განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.

3. გადახდის ინიციირების მომსახურების ფუნქციონალის ტექნიკური ინტეგრაცია

3.1. მიმღები/მერჩანტი, რომელსაც სურს თავის ელექტრონული კომერციის ვებგვერდზე/აპლიკაციაში გადახდის ინიციირების მომსახურების გააქტიურება,ვალდებულია ბანკის მიერ მოწოდებული ტექნიკური ინსტრუქციების და დოკუმენტაციის შესაბამისად საკუთარი ხარჯითა და პასუხისმგებლობით უზრუნველყოს ელექტრონული კომერციის ფუნქციონალის ინტეგრაცია.

3.2. ინტეგრაციის დასრულების შემდეგ, მიმღები/მერჩანტი ვალდებულია გაიაროს ბანკის მიერ დადგენილი ტესტირება.

3.3. მიმღები/მერჩანტი პასუხისმგებელია ტექნიკური ინსტრუქციების განუხრელ დაცვაზე. მიმღები/მერჩანტი ადასტურებს, რომ სრულად ინფორმირებულია და აცნობიერებს ტექნიკური ინსტრუქციების შესაბამისად ინტეგრაციის განუხორციელებლობის შედეგებს და იღებს სრულ პასუხისმგებლობას არასწორი ან/და არაჯეროვანი ინტეგრაციით გამოწვეულ ნებისმიერ შედეგზე.

3.4. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება ინტეგრაციის ტექნიკურ ინსტრუქციებში, გადახდის ინიციირების მომსახურების ან/და ელექტრონული კომერციის ფუნქციონალში.

3.5. მიმღებს/მერჩანტს ასევე აქვს შესაძლებლობა, ტექნიკური ინტეგრაციის საჭიროების გარეშე, ბანკის ინტერნეტბანკის საშუალებით შექმნას ერთჯერადი გადახდის ბმული და გაუზიაროს იგი მომხმარებელს, გადახდის ინიციირების მომსახურების გამოყენებით თანხის მისაღებად.

3.6. გადახდის ბმულის მომხმარებლისთვის მიწოდება მიმღებს/მერჩანტს შეუძლია სხვადასხვა არხის მეშვეობით, როგორიცაა: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა და სხვა.

3.7. ბანკი ვალდებულია წინასწარ 60 (სამოცი) კალენდარული დღით ადრე შეატყობინოს მერჩანტს იმგვარი ცვლილების შესახებ, რომლებიც საჭიროებს მერჩანტის პროგრამულ უზრუნველყოფაში ცვლილებებს. მერჩანტი ვალდებულია შეტყობინებიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში, საკუთარი ხარჯით განახორციელოს ცვლილების ასახვა და გამართოს ინტეგრაცია.

3.8. ამ მუხლის 3.7 პუნქტით გათვალისწინებული ვადა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ტექნიკური ცვლილება გამოწვეულია უსაფრთხოების გადაუდებელი აუცილებლობით, კანონმდებლობის/ეროვნული ბანკის მოთხოვნებით ან ფორს-მაჟორული გარემოებებით. ასეთ დროს ბანკი უფლებამოსილია ცვლილება განახორციელოს მყისიერად, მერჩანტის გონივრულ ვადაში ინფორმირებით.

4. გადახდის ინიციირების მომსახურების სარგებლობის წესები

4.1. მიმღები/მერჩანტი, რომელიც გეგმავს გადახდების მიღებას გადახდის ინიციირების მომოსახურების საშუალებით, წინამდებარე პირობებზე დათანხმებით ადასტურებს, რომ სრულად ინფორმირებულია ამგვარი გადახდის მიღების საშუალებით სარგებლობისას ბანკისგან მისაღები შეტყობინებების შინაარსა, სტატუსსა და შედეგზე.

4.2. გადახდის ინიციირების მომსახურებით შესრულებული გადახდების სტატუსების შესახებ დეტალური ინფორმაცია აღწერილია ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

4.3. მიმღები/მერჩანტს აქვს შესაძლებლობა საგადახდო დავალების წარმატებულად შესრულებისთანავე ავტომატურად მიიღოს ბანკისგან შეტყობინება ფუშ ნოტიფიკაციით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, იმის შესაბამისად თუ რომელი არხი აქვს გააქტიურებული.

4.4. ტექნიკური ინტეგრაციის ფარგლებში მიმღები/მერჩანტი უფლებამოსილია თავისი სისტემიდან, საკუთარი შეხედულებისამებრ და რისკით, გაააქტიუროს მომხმარებლებისთვის ინიციირებული, მაგრამ დაუსრულებელი შეკვეთების შესახებ შეტყობინების ფუნქცია, რის ფარგლებშიც ბანკი მიმღებს/მერჩანტს სისტემური-ელექტრონული სახით შეატყობინებს მოლოდინში მყოფი შეკვეთების სტატუსს. აღნიშნული სტატუსი ადასტურებს მხოლოდ გადახდის ინიციირების ფაქტს (გადამხელის ფინანსური ინსტიტუტის მიერ საგადახდო დავალების მიღებას) და არა თანხის მიღებას მიმღების/მერჩანტის ანარიშზე.

4.5. იმ შემთხვევაში თუ მიმღებს/მერჩანტს ბანკისგან არ მიუღია გადახდის წარმატებულად გადახდის დადასტურება, ხოლო გადამხდელი წარადგენს გადახდის დამადასტურებელ საბუთს, მერჩანტი ვალდებულია ბანკიდან მოითხოვოს აღნიშნული გადახდის წარმატებით დასრულების დადასტურება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი აღნიშნულ ტრანზაქციაზე იხსნის პასუხისმგებლობას.

4.6. ბანკი არ იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებელი არ გააუქმებს ტრანზაქციას ან მომხმარებლისგან მისაღები ფულადი სახსრები აუცილებლად ჩაირიცხება მიმღების/მერჩანტის ანგარიშზე ბანკის მხრიდან გადახდის დადასტურების გარეშე.

4.7. ბანკის მხრიდან გადახდის წარმატებით დადასტურების გარეშე საქონლის/მომსახურების მიწოდებისას მიმღები/მერჩანტი მოქმედებს საკუთარი რისკით.

4.8. ბანკი მიმღების/მერჩანტის მომხმარებლებისგან მიღებულ გადახდებს ასახავს მერჩანტის Paysera-ს ანგარიშზე.

4.9. წინამდებარე მომსახურებით სარგებლობის სრული პერიოდის განმავლობაში მიმღები/მერჩანტი ვალდებულია უწყვეტად გააქტიურებული ჰქონდეს Paysera-ს ანგარიშის მეშვეობით გადახდების მიღების საშუალება. წინამდებარე პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადახდების მიღების აღნიშნული მეთოდი გათიშული იქნება მერჩანტისთვის შეტყობინების გაგზავნიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღეში. წინამდებარე პუნქტის განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია შეწყვიტოს მომსახურება ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე.

4.10. აკრძალულია იმგვარი დამატებითი შეზღუდვის დაწესება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს დისკრიმინაციული მიდგომა ბანკის მიერ შეთავაზებული გადახდების მიღების საშუალებებით სარგებლობისას, მათ შორის საგადახდო დავალების ინიციირებისა და შესრულებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებასა ან/და მერჩანტის მიერ მომსახურების გაწევის დროსთან მიმართებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა;

4.11. გადახიდს ინიციირების მომსახურების საკომისიოებისა და დადგენილი ლიმიტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბანკის ვებ გვერდზე: www.paysera.ge. წინამდებარე მომსახურების პირობებზე დათანხმებით მიმღები/მერჩანტი ადასტურებს, რომ გაეცნო გადახდის ინიციირების მომსახურებასთან დაკავშირებულ ტარიფებსა და პირობებს.

4.12. მომსახურების საკომისიოს ჩამოჭრა ხდება ავტომატურად, მიმღების/მერჩანტის მომხმარებლისგან გადახდილი თანხის ანგარიშზე ასახვისთანავე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის მიღებისას ბანკის მიერ არ მოხდა საკომისიოს ავტომატურად ჩამოჭრა, ბანკი უფლებამოსილია გადახდის მიღების შემდგომ, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკომისიოს ჩამოჭრა მიმღების/მერჩანტის ანგარიშიდან.

4.13. ბანკი უფლებამოსილია მიმღების/მერჩანტთან შეთანხმების საფუძველზე დააწესოს საკომისიოს მიღების განსხვავებული პირობა და პერიოდულობა.

4.14. მიმღები/მერჩანტი ვალდებულია ბანკს მიაწოდოს გადახდის ინიციირებისათვის საჭირო სრული, ზუსტი და აქტუალური ინფორმაცია, მათ შორის გადახდის თანხა, ვალუტა, მომხმარებლის შესაბამისი იდენტიფიკატორი და სხვა ტექნიკური მონაცემები და პასუხისმგებელია მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.

4.15. გადახდის ინიციირების მომსახურება ხელმისაწვდომია იმ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომლებიც შესაბამის მომენტში ინტეგრირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების სისტემაში, ტექნიკური ხელმისაწვდომობისა და შესაბამისი ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. სისტემაში ჩართული ქვეყნების და ბანკების ჩამონათვალი მოცეულია ბანკის ვებ გვერდზე.

4.16. გადახდის ინიციირების მომსახურებით განხორციელებული გადახდები სრულდება და მუშავდება 24/7 რეჟიმში. გადახდის სტატუსის შესახებ ინფორმაცია მიმღებს/მერჩანტს მიეწოდება დაუყოვნებლივ, თუმცა თანხის ანგარიშზე ასახვა შესაძლოა განხორციელდეს საბანკო დღეებსა და საათებში, თუ სხვაგარად არ არის შეთანხმებული მიმღებთან/მერჩანტთან.

5. მარკეტინგული აქტივობები

5.1. მიმღები/მერჩანტი წინამდებარე მომსახურების პირობების დადასტურებით აძლევს ბანკს თანხმობას მომსახურებით სარგებლობის სრული პერიოდის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს ბანკის მიერ შეთავაზებული გადახდის შეგროვების საშულებებთან დაკავშირებული სარეკლამო კამპანიები, დროებითი ან მუდმივი წამახალისებელი აქტივობები, მათ შორის სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები.

5.2. მიმღები/მერჩანტი წინამდებარე მომსახურების პირობების დადასტურებით აძლევს ბანკს თანხმობას მომსახურებით სარგებლობის სრული პერიოდის განმავლობაში, წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში და მისგან გამომდინარე მიზნებისათვის, გამოიყენოს მიმღების/მერჩანტის ლოგო, სასაქონლო ნიშანი, სავაჭრო სახელწოდება და სხვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები უსასყიდლოდ. ბანკის ვებ გვერდზე, მობილურ აპლიკაციასა და მარკეტინგულ მასალებში მიმღების/მერჩანტის, როგორც ბანკის პარტნიორის/სერვისით მოსარგებლის მითითებისას, ბანკის საგადახდო გვერდზე მიმღების/მერჩანტის იდენტიფიცირებისათვის, ერთობლივი სარეკლამო/საპრომო კამპანიების წარმოებისას.

5.3. იმ შემთხვევაში, თუ მიმღების/მერჩანტის ვებ-გვერდზე განთავსებულია ბანკის/ბანკების სახელწოდებები ან სხვა ინფორმაცია, ეს მონაცემები უნდა გადაიცეს ბანკის სისტემიდან, რათა შეესაბამებოდეს შესაბამისი მფლობელის მოთხოვნებს. მერჩანტი ვალდებულია მსგავს ინფორმაციაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ასახოს მის ვებ-საიტზე ცვლილებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში.

5.4. თითოეული მხარის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე ყველა უფლება ექსკლუზიურად ეკუთვნის შესაბამის მხარეს და წინამდებარე მომსახურების პირობების საფუძველზე ან მისგან გამომდინარე საქმიანობით არ ხდება ამგვარი უფლებების გადაცემა მეორე მხარისთვის. ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი სახით გამოყენება, გადამუშავება ან ცვლილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობით,გარდა 5.2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5.5. მიმღები/მერჩანტი უფლებამოსილია გამოიყენოს ბანკის ინტელექტუალური საკუთრება ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით, მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც პირდაპირ გამომდინარეობს ბანკის თანხმობიდან და წინამდებარე მომსახურების პირობებიდან. მიმღები/მერჩანტი ვალდებულია თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც შეუსაბამო იქნებოდა წინამდებარე პირობებთან, ბანკის თანხმობასა და ბანკის მიერ ელექტრონული მაღაზიებისთვის განსაზღვრულ მარკეტინგულ გზამკვლევთან. მიმღები/მერჩანტი ვალდებულია გამოიჩინოს სათანადო გულისხმიერება ამ უფლებების დარღვევისა და შესაძლო ზიანისაგან ბანკის დასაცავად.

5.6. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმღებს/მერჩანტს შეწყვიტოს ბანკის ან მასთან დაკავშირებული პირების ინტელექტუალური საკუთრების გამოქვეყნება, გავრცელება ან სხვაგვარი გამოყენება.

5.7. სარეკლამო კამპანიები, დროებითი ან მუდმივი წამახალისებელი აქტივობები, მათ შორის სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები, ასევე სხვაგვარი მარკეტინგული აქტივობები თითოეული მხარის მიერ ხორციელდება საკუთარი ხარჯებით.

5.8. მიმღები/მერჩანტი ვალდებულია წინამდებარე მომსახურებასთან დაკავშირებული, როგორც მის მიერ, ისე მისი წარმომადგენლების მიერ შექმნილი, ნებისმიერი სარეკლამო ან მარკეტინგული მასალა გამოყენებამდე წინასწარ შეუთანხმოს ბანკს. ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმღებს/მერჩანტს წარმოდგენილ მასალებში ცვლილებების შეტანა ან/და უარი უთხრას მერჩანტს აღნიშნული მასალის გავრცელებაზე და სხვაგვარ გამოყენებაზე. ბანკი ასევე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გამოიხმოს მის მიერ მიმღების/მერჩანტისთვის უკვე გაცემული თანხმობა. თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში მიმღები/მერჩანტი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შესაბამისი მასალების გამოყენება.

5.9. მიმღებს/მერჩანტს ეკრძალება ხელშეკრულებასთან, მხარეთა საქმიანობასთან ან სერვისებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის საჯარო განცხადების გაკეთება, მათ შორის პრესასთან ურთიერთობა, ინტერვიუს მიცემა ან შესაბამისი ინფორმაციის სხვაგვარად გასაჯაროება, Paysera-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ეს შეზღუდვა თანაბრად ვრცელდება მიმღების/მერჩანტის თანამშრომლებსა და წარმომადგენლებზე.

5.10. ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მიმღები/მერჩანტი ვალდებულია ბანკის მიერ მისთვის გადაცემული მარკეტინგული მასალები, მათ შორის სხვადასხვა ბეჭდვითი და ელექტრონული სარეკლამო მასალები, განათავსოს ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, სხვა მარკეტინგულ მასალებთან თანაბარ პირობებში.

5.11. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით (დადასტურებით) მიმღები/მერჩანტი გამოხატავს გამოუთხოვად და უპირობო თანხმობას, მიიღოს ბანკისგან ან მასთან დაკავშირებული პირებისგან ნებისმიერი სახის სარეკლამო, საინფორმაციო ან მარკეტინგული შეტყობინება ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე, ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების ან თანხმობის გარეშე.

6. თანხის დაბრუნება

6.1. მიმღები/მერჩანტი ვალდებულია წინამდებარე მომსახურებით სარგებლობის სრული პერიოდის განმავლობაში ჰქონდეს მოქმედი და მომხმარებლისთვის თვალსაჩინოდ განთავსებული გადახდილი თანხის დაბრუნების (refund) პოლიტიკა, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომხარებელთათვის. მიმღები/მერჩანტი პასუხისმგებელია გადახდილი თანხის დაბრუნების საფუძვლების, ოდენობის და აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შეფასებასა და გადაჭრაზე, ასევე მომხმარებლებთან კომუნიკაციაზე.

6.2. იმ შემთხვევაში, თუ გადახდილი თანხის დაბრუნების (refund) პოლიტიკის შესაბამისად, მიმღების/მერჩანტის სასარგებლოდ მიღებული გადახდა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს - მიმღები/მერჩანტი აგენერირებს შესაბამის საგადახდო დავალებას ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკში და უბრუნებს მომხმარებელს გადახდილ თანხას. თანხის დაბრუნების ოპერაციებაზე მიმღები/მერჩანტი იხდის ბანკის მიერ დაწესებულ სტანდარტულ გადარიცხვის საკომისიოს (თუ რამე სხვა არ არის შეთანხმებული მიმღებს/მერჩანტსა და ბანკს შორის).

6.3. თავდაპირველი ტრანზაქციის განხორციელებისას ჩამოჭრილი საკომისიო მერჩანტს არ უბრუნდება.

6.4. თუ მიმღების/მერჩანტის სასარგებლოდ მიღებული გადახდა განხორციელდა სხვა კომერციული ბანკ(ებ)ის ანგარიშის საშუალებით, ბანკი არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის სისტემების მეშვეობით განხორციელებული არაავტორიზებული ტრანზაქციებით გამოწვეულ ზიანზე. მიმღები/მერჩანტი ვალდებულია გადამხდელის პროვაიდერის მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ამგვარი არაავტორიზებული გადახდით მიღებული თანხების დაბრუნება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

6.5. მომხმარებლისათვის თანხის დაბრუნების ვალდებულება, მისი საფუძვლის განსაზღვრა და მომხმარებლისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს მერჩანტის პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონმდებლობით ან წინამდებარე მომსახურების პირობებით შესაბამისი ვალდებულება პირდაპირ ბანკს ეკისრება.

7. რეზერვი

7.1. მიმღების/მერჩანტის პროექტის კატეგორიისა და არჩეული გადახდების მიღების საშუალების მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს ფულადი სახსრების მინიმალური ოდენობა, რომელიც დარეზერვრდება მერჩანტის Paysera-ს ანგარიშზე („სარეზერვო ანგარიში“) და განკუთვნილია გადამხდელების მიერ მიმღების/მერჩანტის წინააღმდეგ დავებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული რეზერვის ოდენობის შესახებ მერჩანტს ეცნობება ბანკის მხრიდან წერილობითი შეტყობინების გზით.

7.2. სარეზერვო ანგარიშზე განსათავსებელი მინიმალური თანხის ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და ექვემდებარება ბანკის მიერ ცალმხრივ ცვლილებას, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

7.2.1. მიმღების/მერჩანტის საქმიანობა ანალოგიური სერვისების მიმწოდებელ სხვა მერჩანტებთან შედარებით მნიშვნელოვნად სარისკოა;

7.2.2. ბანკი საკუთარი შეხედულებისამებრ, გონივრულად მიიჩნევს, რომ მიმღების/მერჩანტი ვერ შეასრულებს გენერალური ხელშეკრულებისა და წინამდებარე მომსახურების პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

7.2.3. მიმღების/მერჩანტი სრულად ან მნიშვნელოვანი ნაწილით წყვეტს საქმიანობას;

7.2.4. მიმღების/მერჩანტი არსებითად ცვლის ბიზნეს-მოდელს;

7.2.5. მიმღების/მერჩანტის საერთო ფინანსური მდგომარეობა არსებითად შეიცვალა;

7.2.6. მიმღების/მერჩანტი გახდა გადახდისუუნარო ან სხვა მიზეზით ვერ ახდენს ვალდებულებების დადგენილ ვადაში შესრულებას;

7.3. Paysera უფლებამოსილია დროებით დაბლოკოს მიმღების/მერჩანტის Paysera-ს ანგარიშზე შემოსული სახსრები. ბლოკის სტანდარტული პროცენტი და ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად. ვადა და პროცენტი შეიძლება შეიცვალოს, მერჩანტისათვის 30 კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გააუქმებს ტრანზაქციას ან Paysera-ს სხვა მიზეზით სახსრები არ აესახება, Paysera უფლებამოსილია დაბლოკილი თანხა უაქცეპტო წესით ჩამოჭრას მიმღების/მერჩანტის ანგარიშიდან.

8. მხარეთა განცხადებები და გარანტიები

8.1. წინამდებარე მომსახურების პირობებზე დათანხმებით, მიმღები/მერჩანტი აცხადებს და ადასტურებს, რომ:

8.1.1. წინამდებარე პირობებით სარგებლობის სრული პერიოდის განმავლობაში, უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის წინამდებარე მომსახურების პირობებით გათვალისწინებული გადახდის ინიციირების მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. კერძოდ, მიმღები/მერჩანტი ვლდებულია ყოველი გადახდისას უზრუნველყოს მომხმარებლისთვის გადახდის ინიციირების სერვისის შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინოდ მიწოდება, გადახდის გვერდზე შესაბამისი საგადახდო საშუალებისა და პროვაიდერის იდენტიფიცირების გზით.

8.1.2. წინამდებარე პირობებით სარგებლობის სრული პერიოდის განმავლობაში იმოქმედებს კეთილსინდისიერად, ბანკის, მიმღების/მერჩანტისა და მომხმარებლის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. მიმღები/მერჩანტი სრულად აგებს პასუხს თავისი ვებ გვერდის/აპლიკაციის შინაარსზე, ფუნქციონირებასა და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე.

8.1.3. წინამდებარე პირობებით სარგებლობის სრული პერიოდის განმავლობაში მომხმარებლებს გაუწიოს მომსახურება პროფესიონალურად და დადგენილ ვადებში.

8.1.4. ფლობს საქონლის/მომსახურების რეალიზაციისათვის/გაწევისთვის საჭირო ყველა კანონისმიერ უფლებას, ლიცენზიას ან ნებართვას და უზრუნველყოფს, რომ სისტემა არ იქნება გამოყენებული სისტემის გამოყენების უფლების არმქონე მესამე პირების მიერ.

8.1.5. მიმღები/მერჩანტი უზრუნველყოფს, რომ ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ქმედება და გაყიდული საქონელი/გაწეული მომსახურება შეესაბამება საქართველოს და იმ სახელმწიფოს კანონმდებლობას, სადაც საქონელი იყიდება/მომსახურება გაიწევა. მიმღები/მერჩანტი სრულად პასუხისმგებელია ამ ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ყველა შედეგისათვის.

8.1.6. იმ შემთხვევაში, თუ მერჩანტის საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელია მომხმარებლის გარკვეული პერსონალური მონაცემების მიღება (მაგალითად, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი) და მერჩანტმა შეუკვეთა მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გადაცემის სერვისი, Paysera უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელს შეეძლოს გადახდის დადასტურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოხატავს თანხმობას მერჩანტის მიერ მოთხოვნილი პერსონალური მონაცემების მერჩანტისათვის გადაცემაზე.

8.2. წინამდებარე დანართით გათვალისწინებული სერვისის გაწევისას ბანკი არ არის პასუხისმგებელი მიმღების/მერჩანტის მიერ გაყიდული საქონლის/გაწეული მომსახურების ხარისხზე და ამასთან დაკავშირებულ შედეგებზე. ბანკი ასევე არ იძლევა გარანტიას ტრანზაქციის მეორე მხარის (მომხმარებლის) ვინაობაზე ან ვალდებულებების შესრულებაზე.

8.3. მიმღები/მერჩანტი პასუხისმგებელია მის მიერ ბანკისთვის გადაცემული პერსონალური მონაცემების კანონიერად მოპოვებასა და დამუშავებაზე და ადასტურებს, რომ აღნიშნული მონაცემების გადაცემისთვის გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

8.4. გადახდის მომსახურების გაწევისას ბანკი ამუშავებს მომხმარებლების, როგორც გადამხდელების, პერსონალურ მონაცემებს საქართველოს კანონმდებლობისა და ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) მოთხოვნების შესაბამისად.

8.5. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების მიღმა, მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

8.6. მხარეები ვალდებულებას იღებენ, არ შეინახონ მომხმარებელთა საგადახდო ინსტრუმენტების საიდენტიფიკაციო მონაცემები და გარანტიას იძლევიან, რომ ეს მონაცემები ცნობილი არ გახდება მესამე პირებისათვის, მათ შორის მიმღების/მერჩანტის თანამშრომლებისათვის.

8.7. მიმღები/მერჩანტი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ ასეთი ცვლილებებამდე არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე, წერილობით აცნობოს ბანკს ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მათ შორის სამართლებრივ სტატუსთან, საქმიანობის სახეობასთან, ხელმოწერის უფლებამოსილ პირებთან, ვებ-მისამართსა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგადი ხელშეკრულებისა და წინამდებარე დანართის შესრულებაზე. მერჩანტი პასუხისმგებელია ამ ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე ყველა შედეგისათვის.

8.8. მერჩანტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რამაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება მიაყენოს საინფორმაციო სისტემებს და/ან ხელშეკრულების შესრულებას.

9. აკრძალული საქმიანობა

9.1. აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი განსაზღვრულია ბიზნეს კლიენტებისთვის მომსახურების გენერალური ხელშეკრულების მე-9 მუხლით.

9.2. ონლაინ ტრანზაქციების მიღებისას მიმღებს/მერჩანტს დამატებით ეკრძალება:

9.2.1. პროდუქციის/საქონლის ან მომსახურების არასწორი, შეცდომაში შემყვანი ფასის მითითება ან სრული ფასის (მათ შორის საკომისიოების/გადასახადების) დამალვა;

9.2.2. მომსახურების/საქონლის რეკლამირება არალიცენზირებული გზებით, არასანქცირებული ელექტრონული გზავნილების (სპამი) საშუალებით.

9.3. მიმღები/მერჩანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება/გაყიდული საქონელი შეესაბამება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობას და მას გააჩნდეს ყველა სათანადო ნებართვა და/ან ლიცენზია.

9.4. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება, რომ მიმღებმა/მერჩანტმა დაარღვია წინამდებარე დანართით განსაზღვრული შეზღუდვები ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა და ამის გამო ბანკს მიადგა ზიანი, ბანკი უფლებამოსილია უაქცეპტო წესით ჩამოჭრას მერჩანტის ანგარიშიდან გაწეული ყველა ხარჯი და ზარალი. ანგარიშზე სახსრების არასაკმარისობის შემთხვევაში მიმღები/მერჩანტი ვალდებულია ბანკის მოთხოვნიდან 3 (სამი) საბანკო დღის ვადაში სრულად აანაზღაუროს და გადარიცხოს აღნიშნული თანხა, ბანკის მიერ მითითებულ ანგარიშზე.

9.5. იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ ცნობილი გახდება, რომ მიმღები/მერჩანტი ვეღარ შეასრულებს ვალდებულებებს მომხმარებლის წინაშე (მაგ. გაკოტრება), Paysera უფლებამოსილია შეაჩეროს გადახდების შეგროვება და/ან შეგროვებული სახსრების გადარიცხვა 180 (ასოთხმოცი) დღემდე, სისტემის მეშვეობით მომხმარებლებისათვის თანხის დაბრუნების შესაძლებლობის შენარჩუნებით. ეს პუნქტი არ გამოიყენება, თუ მიმღები/მერჩანტი წარადგენს მომხმარებლისათვის სათანადო დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

9.6. ბანკი უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეზღუდოს ან შეაჩეროს სერვისების გაწევა და/ან დაბლოკოს მიმღების/მერჩანტის სასარგებლოდ შეგროვებული სახსრები 180 (ასოთხმოცი) დღემდე, შეწყვიტოს სახელშეკრულებო ურთიერთობა და უარი განაცხადოს მომავალში სერვისების გაწევაზე, იმ შემთხვევაში, თუ:

9.6.1. მიმღები/მერჩანტი არ ასრულებს ან არღვევს წინამდებარე პირობების „აკრძალული საქმიანობის" მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

9.6.2. მიმღები/მერჩანტის საქონლის ან მომსახურების დისტრიბუცია საფრთხეს უქმნის ბანკის საქმიან რეპუტაციას;

9.6.3. მიმღები/მერჩანტის მიერ წინამდებარე პირობებითა ან/და კლიენტებისთვის მომსახურების გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ირღვევა ან მათი დარღვევის გონივრული ეჭვი წარმოიქმნა;

9.6.4. იარსებებს გონივრული ეჭვი მიმღები/მერჩანტის მიერ ან მის სასარგებლოდ თაღლითური ტრანზაქციების განხორციელების თაობაზე.

9.6.5. მიმღები/მერჩანტი, დადგენილი წესის დარღვევით, სარგებლობს სერვისით ბანკის მიერ დაუდასტურებელი ვებ-მისამართებიდან;

9.6.6. მიმღებს/მერჩანტის მიმართ დაფიქსირდა ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების (AML/CFT) ან საერთაშორისო სანქციების დარღვევის რისკი.

9.7. Paysera მიმღებს/მერჩანტს სერვისების შეზღუდვის შესახებ დაუყოვნებლივ (ერთი საათის ვადაში) აცნობებს. სერვისების შეჩერებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში მერჩანტს ეცნობება სახსრების დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ.

10. ინფორმაცია ტექნიკური ხარვეზების შესახებ

10.1. ბანკი უზრუნველყოფს მიმღები/მერჩანტის წინასწარ ინფორმირებას საგადახდო სისტემის დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების შესახებ, ასეთი სამუშაოების დაწყებამდე სულ მცირე 48 საათით ადრე, ელექტრონული ფოსტის, პირადი კაბინეტის ან/და ტექნიკური კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით

10.2. მიმღები/მერჩანტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს თავის საინფორმაციო/ტექნიკურ სისტემებში წარმოქმნილი იმ ხარვეზებისა თუ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ბანკის სერვისების გამართულ ფუნქციონირებასა თუ გადახდების მიღების/ინიციირების პროცესზე.

10.3. ბანკის ან/და მიმღების/მერჩანტის მხარეს ტექნიკური ხარვეზის, შეფერხების ან დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების არსებობის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მიმღები/მერჩანტი ვალდებულია უზრუნველყოს თავისი ვებ გვერდის/აპლიკაციის მომხმარებელთა ჯეროვანი და დაუყოვნებლივი ინფორმირება (მაგ. შესაბამისი საინფორმაციო შეტყობინების/ბანერის განთავსებით ან/და შესაბამისი საგადახდო მეთოდით სარგებლობის დროებით შეზღუდვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით).

11. პასუხისმგებლობა

11.1. მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება ზოგადი პირობებით, რომელიც მოცემულია შემდეგ ბმულებზე: მომსახურების გენერალური ხელშეკრულება ფიზიკური პირებისათვის და მომსახურების გენერალური ხელშეკრულება ბიზნეს კლიენტებისთვის.

12. დავების გადაჭრის გზები

12.1. ბანკი წარმოადგენს მხოლოდ საგადახდო ინიციირების პროვაიდერს. ბანკი არ არის მიმღებს/მერჩანტსა და მომხმარებელს შორის დადებული ნასყიდობის, მომსახურების ან სხვა გარიგების მხარე და არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას მიმღების/მერჩანტის მიერ რეალიზებული საქონლის/მომსახურების ხარისხზე, ნაკლზე, მიწოდების ვადებსა თუ პირობებზე.

12.2. ნებისმიერი პრეტენზია ან დავა, რომელიც უკავშირდება საქონლის/მომსახურების შეძენას, მიწოდებას, ხარისხს ან/და თანხის დაბრუნებას, წყდება უშუალოდ მომხმარებელსა და მიმღებს/მერჩანტს შორის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

12.3. მიმღები/მერჩანტი ვალდებულია თავის ვებ გვერდზე/აპლიკაციაში მკაფიოდ მიუთითოს მომხმარებლებისთვის პრეტენზიების წარდგენის, საქონლის დაბრუნებისა და თანხის ანაზღაურების წესზე და გამოაქვეყნოს შესაბამისი პოლიტიკები. მიმღები/მერჩანტი პასუხისმგებელია მომხმარებელთა საჩივრების დროულ და ჯეროვან განხილვაზე.

12.4. წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან/და მომსახურებიდან გამომდინარე ნებისმიერი უთანხმოება და დავა ბანკსა და მიმღებს/მერჩანტს შორის წყდება მოლაპარაკების გზით.

12.5. მოლაპარაკებით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ბანკსა და მიმღებს/მერჩანტს შორის არსებული დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს კომპეტენტურ სასამართლოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.